Monday, July 18, 2011

გლობალიზაცია (სოლომონ ასურელის წერილი)

ბოლო პერიოდში, ხშირად მესმის (განსაკუთრებით ახალგაზრდობისგან, 17-22) ერთი და იგივე ტექსტი, გეგონება ან დაზეპირებულია საიდანღაც ან ვინმე კონკრეტულად ცდილობს გარკვეული "პოლიტიკის"  გატარებას და აზრის დანერგვას ამ და სხვა რამოდენიმე საკითხის ირგვლივ. ეს რიტორიკა, დაკავშირებულია გლობალიზაციასთან.

ამ რიტორიკის ძირითადი პოსტულატები:

1) გლობალიზაცია არის მცირე ერების "გარყვნა"
2) გლობალიზაცია არის მცირე (ან ზოგადად) ერების, სახელმწიფოების თვითმყოფადობის წაშლა-განადგურება
3) გლობალიზაცია არის "შეერთება", ანუ სახელმწიფოებს შორის ფიზიკური თუ ვირტუალური საზღვრების წაშლა და "გაერთიანება"
4) გლობალიზაცია არის გარკვეული ძალების მიერ ინსპირირებული პროცესი მსოფლიო ბატონობის მიზნით და დამატებით მოსაზრებაა, რომ ეს ანტი ქრისტეს მოსვლისთვის კეთდება, რომ მან იბატონოს როგორც ერთიანმა მმართველმა
5) გლობალიზაცია არის "მცირე ერების" დეგრადაცია, მუშა ხელად გარდაქმნა და მხოლოდ "რჩეულთა" ბატონობა

შევეცდები მოკლედ განვიხილო ეს საკითხები:

გლობალიზაცია თანამედროვე ტერმინია და ასახავს ცვლილებებს საზოგადოებასა და მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის დრამატული ზრდით. ის ასევე ასახავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას ბარიერთა რღვევისა და ქვეყანათა ურთიერთდამოკიდებულიბის ზრდის შედეგად. სპეციფიურად ეკონომიკურ კონტექსტში ის ხშირად იგულისხმება როგორც ვაჭრობის პირდაპირი შედეგი, განსაკუთრებით, სავაჭრო ლიბერალიზაციის ანუ „თავისუფალი ვაჭრობის“ შედეგი. *

ამის გარდა, გლობალიზაცია დღეს თავისთავში გულისხმობს კოსმოპოლიტიზმს, სახელმწიფოთა შორის კულტურულ და ეთნოგრაფიულ ურთიერთგაცვლას, თავისუფალ გადაადგილებას ღია საზღვრების პირობებში და რაც მთავარია პლანეტისთვის მნიშვნელოვანი და საერთო პრობლემების გადაჭრას და საერთო მიზნების განხორციელებას.

ანუ ზრდადი ბიზნესმენი (ვთქვათ ქართველი) საკუთარ წარმოებას, პროდუქციას აწარმოებს ჩინეთში, იაფია რესურსები (წყალი, ელ. ენერგია, გაზი, ადამიანური რესურსები ანუ მუშა ხელი), ნახევარ ფაბრიკატს აგზავნის რუმინეთში, სადაც ხდება აწყობა პროდუქციის (იაფია მუშახელი, საგადასახადო სისტემა უფრო ხელსაყრელია, ექსპორტი უფრო ადვილია მაგალითად დასავლეთში), აწყობილი პროდუქცია იგზავნება შვედეთში, სადაც იფუთება და იძენს ბრენდის სახეს (უფრო კვალიფიცირებული სპეციალისტებია, "შეფუთვის" მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, ა.შ.) და მზა პროდუქცია იყიდება ყ ვ ე ლ გ ა ნ სადაც ეკონომიკურად ღირს მისი გაყიდვა. ამასობაში ფირმა რეგისტრირებული აქვს სინგაპურში და გადასახადების გადახდა შემოსავალზე უწევს (მაგ.) გაცილებით ნაკლები ვიდრე მოუწევდა საქართველოში (მაგ.). მერე მირებული შემოსავლით, ფრანგულ კოსტუმში, რომელიც იყიდა იტალიაში, სადაც უვიზოთ ჩაფრინდა ბერძნული ავიოხაზებით თბილისიდან, მიდის იაპონურ რესტორანში ამერიკის რომელიმე ქალაქში და სადილობს ასევე უვიზოთ იქ ჩასულ უგანდელ პარტნიორთან.

ეს პატარა ისტორია-ზღაპარი, რათქმაუნდა ირონიულად, მაგრამ რეალობაში ასახავს გლობალიზაციის პრინციპებს არა მარტო ეკონომიკაში და ბიზნესში, არამედ ადამიანების შორის ურთიერთობებს, თავისუფალ მიმოსვლას, გადაადგილებას და იდეების გაცვლას.

1) მცირე ერებს არავინ არ რყვნის, თუ თვითონ ამ ერებს არ სურთ რომ გაირყვნან... მცირე ერები მრავლად არის და მე ვერ ვიტყოდი რომ ლუქსემბურგი მაგალითად "გარყვნილია"... ან ვინ უნდა გარყვნას? :) ან როგორ? ან რატომ?

2) გლობალიზაცია პირიქით (ჩემის აზრით) არის ყველა ერის თვითმყოფადობის გამტკიცებისა და გააზრების მექანიზმი, ვინ როგორ და რა კუთხით და შესაძლებლობებით გამოჩნდება მსოფლიო ერთიან სივრცეში უკვე მასზე დამოკიდებული

3) არავინ არავისთან ფიზიკურად არ ერთიანდება, ყოველშემთხვევაში უახლოესი 200 წელი. შეიძლება იარსებოს როგორც ნაციონალური მთავრობა, პარლამენტი და სასამართლო , ასევე გლობალურიც, (მაგალითად ევრო კავშირი, არის ჩეხეთის ნაციონალური ხელისუფლება, კულტურა, რესურსები, ა.შ., მაგრამ არის საერთო ევროპულიც, რომელიც ურთიერთკავშირშია და არ უშლის ერთმანეთს ხელს), სადაც კოლექტიური გადაწყვეტილების საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები საერთო პრობლემებზე და მომავალზე.

4) ეს უკვე ფანტაზიის უნარზეა, ვიღაც გლობალიზაციას უკავშირებს მარტო ადამიანთა გარკვეული წრის სურვილს გაბატონდეს კაცობრიობაზე, ვირაც ამას ანტი ქრისტეს მოსვლას უკავშირებს, ვიღაც კიდევ რაღაცას... ვის რისი ეშინია... ვის რა არ ესმის... მე გლობალიზაციას ვაკავშირებ უბრალოდ ადამიანთა ურთიერთქმედებას საკუთარი ეროვნული სახელმწიფოების განვითარებით მსოფლიოს განვითარების მისაღწევად.

5) ესეც ვთვლი, რომ უტოპიური შეხედულებაა, არა რაციონალური... მცირე ერების წარმომადგენლები რომ არ "აქციონ მუშა ხელად" არ ჯობია დიდი ერები დასაქმდნენ?! :) ირონიით, მაგრამ ირონია თუ უშველის ამ რიტორიკაზე "წყნარად და იოლად" საუბარს.

გლობალური, მსოფლიო თანადგომა, მხარდაჭერა და ურთიერთგანვითარება, მშვიდობის, სოლიდარობის, თვითმყოფადობის და ერთიანი პრობლემების გადაჭრის საშუალებაა. სამწუხაროდ დღეს გაერო ამ ფუნქციას ვერ ასრულებს, ვინიდან სტრუქტურულად და იდეოლოგიურად მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის შედეგების და მიმდინარეობის რეალური ასახვაა. 

ისე პარადოქსულად ანტი გლობალისტები ორ ნაწილად იყოფიან - 1) ეკონომიკური გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი, რომლებიც შიშობენ სამუშაო ადგილების დაკარგვას და 2) რელიგიური ანტი გლობალისტები, რომლებიც რეალურად მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანაში შეიმჩნევიან...

ძვირფასო ანტი გლობალისტებო, არ ინერვიულოთ, ალბათ უახლოეს 50 წელიწადში ეს პროცესი არ დასრულდება... თუმცა ისიც უტყუარი ფაქტია, რომ როდესმე კაცობრიობა მივა იმ ეტაპზე, როდესაც მოხდება ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, ეს ალბათ უახლოეს 25 წელიწადში დაიწყება (პროცესი) და როდის დასრულდება ვინ იცის :)




წარმოგიდგენთ  1905 წელს დაწერილ ვაჟა ფშაველას, ქართველი გენიოსის, მცირე ნარკვევს - "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" (გთხოვთ, იხილოთ ცალკე ბლოგში)

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.